კალაძე დედაენის ბაღზე: როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ ქალაქს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე დაემატა

435

დასრულდა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც გასული წლის თებერვალში დაიწყო და ჯამში 20 მლნ 100 ათასი ლარი დაჯდა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო, მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდა ამ ტერიტორიის, სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარდა ყველა სახის სამუშაო, ეს იქნება მიწისქვეშა თუ მიწისზედა კომუნიკაციების შეცვლა, გამწვანება, საგზაო სამუშაოები, ხიდების ბურჯების გამაგრება, განათება, მხატვრული მინათება, ადგილობრივ მოვაჭრეთათვის სავაჭრო სივრცეების მოწყობა და ა.შ.

„როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, მეამაყება, რომ ქალაქს კიდევ ერთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე დაემატა. ეს ორი პარკი ერთმანეთს გვირაბით უკავშირდება და ერთი დიდი სივრცე გამოდის.

ეს არ არის მხოლოდ ტერიტორიის რეაბილიტაცია. ამ პროექტით შეიქმნა ვრცელი ტურისტული მარშრუტი, რომელიც დააკავშირებს ახალ აღმაშენებელს და ახალ ორბელიანს, რომელიც თავის მხრივ, გუდიაშვილის მოედანს და ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე სხვა ქუჩებს უკავშირდება.

ვფიქრობ, ეს და მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად ცვლის როგორც მიმდებარე კერძო საკუთრების ღირებულებას, ასევე, ზრდის დასაქმების, ახალი ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას ადგილობრივებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დღეს საღამოს 20:00-ზე კონცერტი გაიმართება, სადაც გელა გნოლიძე და „ღამის შოუს“ ბენდი იქ მისულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემენ, რომ განიტვირთონ.