თურნავა: მოვუწოდებთ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, უფრო აქტიურად ისარგებლონ პრიორიტეტული ვაქცინაციის უფლებით

288

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციისთვის აჭარაში, ბათუმში დამატებითი კაბინეტი გაიხსნა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სექტორული ვაქცინაცია უკვე დაწყებულია. დაისვა საკითხი – იმისთვის, რომ უფრო კომფორტული იყოს ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაცია, დამატებითი კაბინეტები გახსნილიყო. ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ეს ჩვენი თხოვნა და აჭარაშიც, ბათუმშიც გაიხსნა დამატებითი კაბინეტი. ახლა აქტიური ტურისტული სეზონია, გვესმის, რომ ადამიანები არ უნდა მოცდნენ, რომ დასავლეთ საქართველოდან ვაქცინაციის გამო თბილისში ჩამოვიდნენ. უკვე იქვე არის საშუალება, რომ ვაქცინაცია გააგრძელონ. ვაქცინაცია ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი, ჩვენც მოვუწოდებთ ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს უფრო აქტიურად ისარგებლონ ამ პრიორიტეტული ვაქცინაციის უფლებით. ვერ ვიტყოდი რომ დაბალი ტემპით მიდის, მიდის ნორმალური ტემპით, თუმცა, უკეთესი შეიძლება“, – განაცხადა თურნავამ.