„ტურისტების ტესტირების საფასური საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გაიღონ. ჩამოსული ტურისტებისთვის, ეს მნიშვნელოვანი ხარჯი არაა. ესაა ხარჯი, რომელიც გაღებულია მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, – აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.
მისივე თქმით, ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა 200%-ს აღემატება.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა იყოს კომფორტული. მაგალითად, 72 საათში ერთხელ, ტესტირება, ძირითადად, კერძო ლაბორატორიებში ხდება. თუ დავინახავთ, რომ რომელიმე რეგიონში, თუნდაც აჭარაში, ამ თვალსაზრისით, შეფერხებაა, დავეხმარებით, რათა უფრო აქტიურად იმუშაონ. ტურისტების ტესტირების საფასური საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა გაიღონ. ჩამოსული ტურისტებისთვის, ეს მნიშვნელოვანი ხარჯი არაა. ესაა ხარჯი, რომელიც გაღებულია მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ტურიზმის სექტორის ვაქცინაციაზეც ისაუბრა.
„ჩვენ გავითვალისწინეთ კერძო სექტორის წუხილი და ჯანდაცვის სამინისტრომ გახსნა დამატებითი ვაქცინაციის პუნქტი აჭარაში. ეს იმიტომ, რომ დატვირთვა დიდია და, რა თქმა უნდა, ადამიანებს, ვინც სასტუმროებსა და რესტორნებს ემსახურებიან, უჭირთ თბილისში ჩამოსვლა. მოთხოვნა მაღალია და გეგმაზომიერად მიმდინარეობს ვაქცინაცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა.