კალაძე: ვარკეთილში რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ბულვარის რეაბილიტაციაზე 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

301

თბილისის მერია ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე რიგის პარკისა და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს.

„კიდევ ერთი მოცულობითი მწვანე სივრცე, რომლის რეაბილიტაციაც დავიწყეთ, არის ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე რიგის პარკი და მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარი. სივრცის საერთო ფართობი 40 000 კვ.მ-ს შეადგენს და აქ დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიას დაემატება გამწვანებული თარგები და გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა, ასევე, საბაღე ფურნიტურა, ფანჩატურები, ტრენაჟორები და ატრაქციონებიც განთავსდება. ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ მოეწყობა შადრევანი, გარდა ამისა, პარკისა და ბულვარის ტერიტორიებზე სასმელი წყლის სოკოები დამონტაჟდება, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ახალი მწვანე ნარგავები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა კახა კალაძემ.