თბილისში 4 დიდი პარკის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს – ბიუჯეტი 63 მლნ ლარია

442

თბილისის მერიამ 8 ივნისს საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაცია კახა კალაძემ გამართა. კერძოდ, როგორც მერიის ანგარიშში წერია, ამჟამად რამდენიმე დიდი პროექტი ხორციელდება და მათგან ოთხს დედაქალაქის მერია ახორციელებს: ცენტრალური პარკი – იპოდრომი; მთაწმინდის ფერდის აღდგენა; ვაკის პარკის რეაბილიტაცია; ვარკეთილის ხევი – პარკის მოწყობა; რიგის პარკი და ბულვარი; თემქის ხევი – პარკის მოწყობა.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ცენტრალური პარკის რეაბილიტაციისა და მთაწმინდის ფერდის აღდგენის პროექტებს ფონდი „ქართუ“ ახორციელებს; 18 ჰა ვაკის პარკის რეაბილიტაცია კი 16 800 000 ლარი ჯდება და ხარჯებს მერია დაფარავს, ასევე 30 000 კვ.მ-ზე ვარკეთილის ხევში პარკის მოწყობის ბიუჯეტი 5 600 000 ლარია; 40 000 კვ.მ რიგის პარკის და ბულვარის მოწყობა 4 500 000 ლარი ჯდება, ხოლო 25 ჰა თემქის ხევში პარკის მოწყობა – 36 000 000 ლარი.

რაც შეეხება მომავალში დაგეგმილ პროექტებს, გეგმაშია დიღმის ჭალების რეაბილიტაცია, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტის განხორციელება და ვერის პარკის რეაბილიტაცია.