12 ივნისს ცესკოში იმიტირებული არჩევნები ჩატარდება, სადაც საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ელექტრული ტექნოლოგიები გაიტესტება.
საპილოტე არჩევნებში 1 000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
სამუშაო შეხვედრაზე ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით იმსჯელეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. კერძოდ, საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა შტრიხკოდი, სახის იდენტიფიცირება და კამერის თანდასწრებით ბიულეტენების დათვლის პროცესი.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა, რომელმაც შეხვედრაზე თამარ ჟვანიას ყოფნა გააპროტესტა.
ყველა მომზადებული მასალა გაეგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტიებს. შაბათს იგეგმება პილოტირებული არჩევნების ჩატარება იმისთვის, რომ უკვე მოთათბირებული ვარიანტები განვიხილოთ და ვნახოთ რეალურ სივრცეში, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ცვლილებები თვითმმართველობის არჩევნებს მოესწროს.
“დღეს საარჩევნო ადმინისტრაციამ უმასპინძლა მომდევნო შეხვედრას. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი შეხვედრები იმართებოდა ორი-სამი კვირის მანძილზე ინტენსიურად და დღეს საერთაშორისო არასამთავრობო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, პარტიების წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფმა წარუდგინა ის მოთელილი და მოთათბირებული ვარიანტი, რაც შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო პროცესში, ამ პროცესის დამატებით გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით. შევთანხმდით, რომ ამ კვირის მანძილზე ყველა მომზადებული მასალა გაეგზავნება არასამთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტიებს და ამ შაბათს იგეგმება პილოტირებული არჩევნების ჩატარება იმისთვის, რათა უკვე მოთათბირებული ვარიანტები განვიხილოთ და ვნახოთ რეალურ სივრცეში. საუბარი არის დამატებითი ტექნოლოგიური გადაწყვეტილების შემოტანაზე საარჩევნო პროცესში როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციისას, ასევე კენჭისყრის პროცესში და ხმის დათვლისას. მაგალითისთვის, ხმის დათვლისას განხილვის პროცესშია კამერის გამოყენება და ასევე, ბიულეტენების სკანირების მეთოდის გამოყენება. ყველაფერი კეთდება და ყველა შესაძლო გადაწყვეტა სწორედ იმიტომ ხდება შემჭიდროვებულ ვადებში, რომ მაქსიმალურად შესაძლებული იყოს ამის თვითმმართველობის არჩევნებში განხორციელება. სწორედ ამას მოემსახურება შაბათს პილოტირებული არჩევნები, შემდეგ კიდევ ერთხელ რეალურ სივრცეში დანახულ პრობლემებს განვიხილავთ ერთობლივად და მივიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა შარაბიძემ.