„უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა. მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აღდგა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა სომხეთსა და საქართველოს შორის, 15 ივნისს პირველი მატარებელი, ერევანი-თბილისი-ბათუმის გავლით, დაიძვრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე და მეზობელი სახელმწიფოდან, ტრადიციულად, ტურისტები ჩამოვლენ და საქართველოს, ჩვენს შავისზღვისპირა კურორტებს, ჩვენს დედაქალაქსა და სხვა ტურისტულ ადგილებს ესტუმრებიან. ასევე, თურქეთიდან საზღვარზე გადაადგილება შეუფერხებლად გრძელდება. სტუმრები აქედანაც შემოდიან. ტურისტების რაოდენობა მომატებულია უკრაინიდან. მათ შეუძლიათ, როგორც საჰაერო, ისე – შავი ზღვის გავლით გვესტუმრონ. როგორც ვიცით, აზერბაიჯანში სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს, თავიანთი მოქალაქეების შემოშვებაზე, მიღების წესების გამარტივებაზე მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს და შევძლებთ, საქართველოში, ტრადიციულად, ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეზობლებს, ტურისტებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახმელეთო საზღვრები 1 ივნისს გაიხსნა.