კალაძე: არ ვიყავით წინააღმდეგი, ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად, რესტორანი “ბუდაპეშტი” აღდგენილიყო

419

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ იყო ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად, ისტორიული რესტორანი “ბუდაპეშტი” აღდგენილიყო, თუმცა, მისივე მტკიცებით, ინვესტორმა უარი თქვა. ამასთან, 2020 წელს კომპანია “ტიფლის დეველოპმენტის” დირექტორმა გოგა ზაქაიძემ თავად შესთავაზა მერიას, სასტუმროს ნაცვლად რესტორანი აეშენებინათ.

სასტუმრო “ბუდაპეშტის” სადავო მშენებლობაზე თბილისის მერმა 1 ივნისს პირველი არხის ეთერში, გადაცემა “თავისუფალ ხედვაში” ისაუბრა.

“არ ვიყავით წინააღმდეგი, ამ კონკრეტულ ადგილზე განთავსებულიყო იგივე შენობა დაგებობა, რაც იყო წლების წინ. იქ იყო რესტორანი ბუდაპეშტი და არ ვიყავით იმის წინააღმდეგი, რომ იგივე პირვანდელი სახით აღდგენილიყო, თუმცა ინვესტორმა უარი განაცხადა.

მე იმ ადამიანისიც მესმის, რომ რა თქმა უნდა, მას ჰქონდა სამშენებლო ნებართვა და ჰქონდა სურვილი იქ თავისი ბიზნეს პროექტი განეხორციელებინა, მაგრამ მე პირადად, როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, გამოვდივარ თბილისელების და ქალაქის ინტერესიდან. მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეს სივრცე დაუბრუნდეს დედაქალაქს”, – ამბობს კალაძე.

2020 წლის თებერვალში ვაკის პარკის სასტუმრო “ბუდაპეშტის” პროექტის ინვესტორმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა, რომ მერიას კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს – ააშენოს რესტორანი სასტუმროს ნაცვლად.

მისივე თქმით, ისინი 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ, ხოლო შენობა ზუსტად იგივე სიმაღლის იქნება, როგორც ადრე. რესტორანი ბუდაპეშტი 2-სართულიანი იყო, მისი ფართობი კი 480 მ²-ს შეადგენდა.

ამის პასუხად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მაშინ განაცხადა, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება.

“ჩვენი პოზიცია იცით, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება. საუბარი იყო ცხრასართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით – არა კონკრეტულ პიროვნებას. მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით და თუ მას რეალურად სურვილი აქვს, რომ განხორციელდეს ადგილმონაცვლეობა”, – თქვა კალაძემ 2020 წლის თებერვალში.

“ტიფლის დეველოპმენტმა” ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობაზენებართვა 2013 წელს მიიღო, თუმცა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ხარვეზების გამო კომპანიას სამუშაოები მალევე შეაჩერებინა.