კალაძე: ბევრი ზეწოლა წამოვიდა ჩემზე, მაგრამ სწორი გზით მივდივარ და ხვალ-ზეგ ჩვენი შვილები იამაყებენ პროექტებით, რომლებსაც ვახორციელებთ

422

ცხადია, ყველა ქუჩა ერთნაირი ვერ იქნება და ყველა ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთნაირად ვერ იმოძრავებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ამას ინდივიდუალური კვლევები სჭირდება, რომელსაც ვაკეთებთ. დაქირავებული გვყავს და გვეხმარებიან მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ჩართული არიან ქართველი ექსპერტები და ერთიანი ძალისხმევით, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდეს, რადგან საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, ამ მიმართულებით არავის გადაუდგამს გარკვეული ნაბიჯები. ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და არის მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს არის რეფორმა, რომელიც ბევრმა განვითარებულმა, ევროპულმა დედაქალაქმა უკვე განახორციელა. სხვათა შორის, იქაც იგივე პრობლემები იყო, რაც ჩვენ დღეს გვაქვს და გუშინ გვქონდა“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მიკროავტობუსები და ავტობუსები, რომლებიც შემოდის, ევროპული სტანდარტისაა, რაც რა თქმა უნდა, ქალაქს წაადგება, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ჰაერის დაბინძურება არ მოახდინოს.

დედაქალაქის მერმა პირობა დადო, რომ წლის ბოლომდე თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად მოწესრიგდება.

„მე გპირდებით, რომ წლის ბოლომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იქნება მოწესრიგებული; გვეყოლება ყველა ახალი ავტობუსი და არ ივლის არც ერთი ყვითელი ავტობუსი, თუ მიკროავტობუსი. ამ მიმართულებით ამას გპირდებით“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, პანდემიის პირობებში სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, მაგრამ როგორც კი ამის ფინანსური შესაძლებლობა გაჩნდება, ქალაქის მთავრობა აუცილებლად განახორციელებს მიწისზედა მეტროს მშენებლობას სამგორი-ლილოს და დიღომი-მცხეთის მიმართულებით.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ წამოწყებული რეფორმა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რათა სატრანსპორტო მიმართულებით არსებული პრობლემები მოგვარდეს.

„რეფორმა, რომელიც წამოვიწყეთ, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. იმიტომ, რომ ეს არის სწორი გზა, რათა დედაქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, რეფორმას ვერ განახორციელებ, თუ საქმეში პოლიტიკა შემოდის.

„როცა გადაწყვეტილებას იღებ, იცი, რომ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებას ადამიანთა გარკვეული კატეგორიის პროტესტი მოჰყვეს. შეიძლება, პოლიტიკურად, ასე იფიქრო, ახლა არჩევნები მოდის და მოდი, ეს გადაწყვეტილება არ მივიღოთ, რადგან შესაძლოა, ვიღაც გავანაწყენოთ, მაგრამ ყველაფერი აი, მანდ ფუჭდება. ასეთ შემთხვევაში ვერ განახორციელებ იმ რეფორმას, რომელიც ამ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, რაღაც პირადი, ვიწროპარტიული ინტერესები გვერდით გადავდეთ. კი, ბევრი ზეწოლა წამოვიდა ჩემზე, მაგრამ ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს არის სწორი გზა და ხვალ-ზეგ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები იამაყებენ იმ პროექტებით, რომლებსაც დღეს ვახორციელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.