დედაქალაქის მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, რათა შეექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იმისა, რომ მომავალში მერი იქნება კახა კალაძე, პეტრე, თუ პავლე, პროექტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
კალაძის თქმით, შემუშავებულია ისეთი რეგულაციები, რომ ვინც არ უნდა იყოს მომავალში მერი, ვერავინ გაბედავს მაგალითად რეკრეაციული სივრცის ხარჯზე სამშენებლო ნებართვის გაცემას.
„რაც შეეხება პროექტების გაგრძელებას, აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ დედაქალაქის მთავრობამ მოახერხა და ყველაფერი გააკეთა, რათა შეექმნა მნიშვნელოვანი ფუნდამენტი იმისა, რომ მომავალში მერი იქნება კახა კალაძე, პეტრე, თუ პავლე, არ აქვს მნიშვნელობა, ისეთი ფუნდამენტია შექმნილი, რომ ამ პროქტების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.
პირობითად, კახი კალაძე რომ არ იყოს მერი ხვალ და იყოს რომელიმე სხვა, რომელი მერი გაბედავს და გააკეთებს იგივეს, ვთქვათ რომელიმე რეკრეაციული სივრცის ხარჯზე გაცემს სამშენებლო ნებართვას, ან სპორტული მოედნის ხარჯზე, ვინ გაბედავს ამას, ვინ გააკეთებს. ჩვენ იმხელაზე ავწიეთ ეს თამასა, ისეთი რეგულაციები შევიმუშავეთ, მიღებულია გენერალური გეგმა, ძალიან რთული იქნება, გააუბედურო ეს ქალაქი“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კახა კალაძე, კალაძის თქმით, არა მხოლოდ თბილისის, ქვეყნის მასშტაბით მერობის კანდიდატურებთან დაკავშირებით საზოგადოება შეიტყობს მაშინ, როცა ამის დრო მოვა.
„რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ბევრჯერ ისმის შეკითხვა ამასთან დაკავშირებით და მესმის, ძალიან დიდია ინტერესი ჟურნალისტების მხირდან. როდესაც მოვა ამის დრო, მეც, პარტიის თავმჯდომარეც, პირველები ვიქნებით, ვინც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, მთელი ქვეყნის მასშტაბით არა მხოლოდ თბილისთან დაკავშირებით.
არჩევნები არის შემოდგომაზე, 5-6 თვით ადრე არავინ არ საუბრობს არჩევნებზე, საარჩევნო კამპანია თვენახევარი არის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, შესაბამისად, ჩვენთანაც იგივე მიდგომები, იგივე დამოკიდებულება გვექნება. საზოგადოებას თავის დროზე, რაც არის კანონით გათვალისწინებული, მივაწვდით ინფორმაციას. მე პირადად არაფერი დამიმალავს საზოგადებისთვის, არაც მომავალში ვაპირებ რამის დამალვას. როდესაც იქნება გადაწყვეტილებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.