კალაძე: ჩვენ შევქმენით მყარი ფუნდამენტი, რომ მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება და ამას ვერაფერმა შეუშალოს ხელი

1258

ჩვენ შევქმენით მყარი ფუნდამენტი, რომ მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება და ამას ვერაფერმა შეუშალოს ხელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხთან საუბრიას განაცხადა.

„წელს, ოქტომბერში მერობის ვადა მეწურება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა თბილისში, ბოლო სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებას ახსოვს, როგორ ხდებოდა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და დღეს არავის მოგვწონს კონკრეტული უბნები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც წლების წინ აშენდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება, გამოსწორდეს ქაოტური განაშენიანების შედეგი, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და გაფუჭებულის გამოსწორება დღეს შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობის შესაცვლელად მაქსიმუმი გაკეთდა.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დანგრევა და გაფუჭებულის გამოსწორება დღეს შეუძლებელია, რადგან არის შენობა-ნაგებობები, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ მდგომარეობის შესაცვლელად. პირველი, ეს იყო გენგეგმის მიღება. არსებობს ჩარჩო-დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის სწორად განვითარება, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი ქაოტურ განაშენიანებას, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, წლების წინ, ვაკის პარკში სასტუმროს აშენების ნებართვა იყო გაცემული, ამ კონკრეტული სივრცის გამოსყიდვა კი დედაქალაქს შეიძლება, დაახლოებით, ოცი მილიონი ლარი დაუჯდეს.

„ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ასეთი ადგილები უამრავია. იგივე დიღმის პარკი, სადაც ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი იყო გასხვისებული და ა.შ. მე, როგორც ქალაქის ხელმძღვანელი, გამოვდივარ თბილისელების და ქალაქის ინტერესიდან. შესაბამისად, ვაკის პარკთან დაკავშირებულ საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სივრცე დედაქალაქს დაუბრუნდეს, განვახორციელოთ ადგილმონაცვლეობა და შეიძლება, კორტები გავაკეთოთ, ან დასასვენებელი სივრცე. თქვენ იცით, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ასე ერთიან სივრცეში, ქალაქისთვის ძალიან კარგი რეკრეაციული ადგილი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, იქ „საპიკნიკე“ ადგილები არ იქნება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს ტყუილია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. იქნება ძალიან დიდი არეალები იმისთვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ, თავიანთი შვილებით და შვილიშვილებით გავიდნენ, დაისვენონ და განიტვირთონ. არის ძალიან საინტერესო პროექტი. სრულად დეტალური პროექტი მომდევნო თვეების განმავლობაში გვექნება და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებას წარვუდგენთ“, – განაცხადა კალაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად მზად არის თბილისის მერი შენიშვნების მოსასმენად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზად არის, შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც ქალაქთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა აქვს, რადგან ეს სივრცეები ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნით.