კალაძე: 2018 წელს დაანონსებული მიწისზედა მეტროს პროექტი პანდემიის გამო შეჩერდა

400

2018 წელს დაანონსებული სამგორი-ლილოს დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს სადგურის პროექტის განხორციელება ამ დრომდე არ დაწყებულა. თბილისის მერმა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე თქვა, რომ მშენებლობა 2019 წელს დაიწყებოდა, ხოლო 2020-2022 წლებში ექსპლუატაციაში შევიდოდა. „ეს არის ახალი მიწისზედა მეტრო სამგორიდან ლილოს მიმართულებით“, – აცხადებდა მაშინ კახა კალაძე.

დღეს კი როგორც კახა კალაძე განმარტავს, პროექტი პანდემიის გამო შეჩერდა.

მისი თქმით, მომავალ წლებში თუ ქვეყანას ფინანსური შესაძლებლობა ექნება და ასევე, პროექტი პრიორიტეტად ჩაითვლება, ის განხორციელდება.

“მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით კვლევა ჩატარებულია. რაც შეეხება უშუალოდ პროექტირებას და მის განხორციელებას, ეს დამოკიდებული არის იმაზე თუ არ ფინანსური შესაძლებლობა ექნება ქვეყანას. არსებული პანდემიის პირობებში ეს პროექტი დროებით შეჩერებულია და მომდევნო წლების განმავლობაში იმის მიხედვით თუ როგორ მოხდება პრიორიტეტების გადანაწილება და რა მდგომარეობა გვექნება პანდემიის თვალსაზრისით, მიიღება გადაწყვეტილება“, – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

ცნობისთვის: ავსტრიულმა კომპანია ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა, რომელიც სამგორი-ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებაზე იყო პასუხისმგებელი, მუშაობა 2019 წელს დაასრულა. როგორც bm.ge-ისთან თბილისის მერის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე ამბობდა, ავსტრიულმა კომპანიამ კვლევის შედეგად 3 სცენარი შეიმუშავა და მერია მათგან ყველაზე ხარჯთსარგებლიანის შერჩევაზე მუშაობდა.