საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„ინფრასრუქტურული პროექტი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე კალათბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ჭადრაკის, სავარჯიშო სივრცე და ორი საბავშვო ზონა მოეწყო. ასევე, სკვერში LED ანათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირიგვება. მოეწყობა სარწყავი სისტემა და რულონური ბალახი დაიგება.
პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 788 744 ლარი გამოიყო. სამუშაოებს კი, კომპანია „გრინსერვისი+“ აწარმოებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.