თბილისის მერია ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციას მომავალ კვირას გამართავს

527

დედაქალაქში ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მომავალ კვირას გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული თბილისის მერიის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ.

„მომდევნო კვირას ვაპირებთ, მოსახლეობას ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიში წარვუდგინოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ მათ, რა გაკეთდა, რა რეფორმები წამოვიწყეთ, რა იგეგმება სამომავლოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ თბილისის მოსახლეობას ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერია მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შვიდი პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშებს მართავს, რომლის მიზანი მერიის მიერ განხორციელებული პროექტების, ასევე, წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ მოსახლეობის სრული ინფორმირება. ურბანული განვითარების მიმართულებით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.