კალაძე: ფარეხების დემონტაჟის პროცესში თქვენ არაფერი გექნებათ გადასახდელი, ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ და შეგიქმნით ძალიან კომფორტულ დასასვენებელ სივრცეს

394

არსებობს ჩარჩო-დოკუმენტი, რომლითაც ხდება თბილისის განაშენიანება, თბილისის ურბანული, სწორი განვითარება და ჩვენ ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვით ქაოტურ განაშენიანებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მგონია, რომ არავის მოგვწონდა ის მავნე პრაქტიკა, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავაუქმეთ კოეფიციენტების მატების შესაძლებლობა, რაც ასევე ვფიქრობ, სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

ალბათ საზოგადოება კარგად ხვდება, დედაქალაქი რამდენი მწვანე სივრცე იქმნება, როგორი დამოკიდებულებაა პარკების, სკვერების მიმართ ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე მნიშვნელოვანი პროგრამა იყო ფარეხების დემონტაჟი და მის ადგილზე სკვერებისა და სპორტული მოედნების პროექტების განხორციელება. მინდა მივმართო თბილისის მოსახლეობას, ვიცით რომ ჯერ კიდევ არსებობს რაიონები, სადაც ბევრი ასეთი უსახური შენობა-ნაგებობა დგას ფარეხების სახით და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას იმისთვის, რომ მოხდეს მათი დემონტაჟი და მათ ადგილზე გაკეთდეს ლამაზი დასასვენებელი სივრცეები. როგორც დემონტაჟის, ასევე მშენებლობის პროცესში თქვენ არაფერი გექნებათ გადასახდელი, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ და შეგიქმნით ძალიან კომფორტულ დასასვენებელ სივრცეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.