კალაძე: 7 ივნისიდან მოქალაქეებს უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირება სახლიდან გაუსვლელად შეეძლებათ

533

7 ივნისიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები იმისთვის, რომ უფასო პარკირებით ისარგებლონ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამა ქალაქის მასშტაბით წარმატებით ხორციელდება.

„ჩვენ ქალაქის მასშტაბით დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამის განხორციელება და მინდა გითხრათ, რომ დიდი წარმატებით მიმდინარეობს დანერგვა ამ პროგრამის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ბევრი ადამიანი სარგებლობს და არის ამ სერვისის მომხმარებელი, თუმცა რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა და პირადად მეც მომწერეს „ფეისბუქზე“ მოქალაქეებმა, რომლებსაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ პირველად რეგისტრაციასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა ზოგადად მდგომარეობს იმაში, რომ ზოგ შემთხვევაში ბინის მესაკუთრე, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას უფასო სარგებლობის მიზნით უნდა არეგისტრირებდეს, სისტემაში აქვს გარკვეული პრობლემები თუ არ იმყოფება საქართველოში, ან საქართველოში იმყოფება, მაგრამ ვერ ახერხებს სერვისცენტრში მისვლას და პრობლემა იქმნება ავტომობილის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. ასევე არის შემთხვევები, როდესაც გარდაცვლილ ადამიანზეა ჯერ კიდევ რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართი და მისი მემკვიდრეები ვერ ახერხებენ სატრანსპორტო საშუალებების დარეგისტრირებას. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ, მოხდა სისტემის სრულიად გადაწყობა და 7 ივნისიდან მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად ჩვეულებრივად დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები იმისთვის, რომ ისარგებლონ უფასო პარკირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.