სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ბარაკების ადგილზე დასასვენებელი სკვერი გაკეთდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ადგილობრივ მოსახლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ განხორციელდა.
“კარგად მოგეხსენებათ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია როგორი დატვირთულია საცხოვრებელი კორპუსებით, ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ შეიძლება კონკრეტული სივრცეების ურბანულად განვითარება. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს პრობლემური სივრცე. იქ იყო ბარაკები, სადაც სავარაუდოდ, მოხდებოდა კორპუსის ჩადგმა, მშენებლობის განხორციელება, თუმცა ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამ კონკრეტული ბარაკების ადგილზე გავაკეთეთ ძალიან კარგი დასასვენებელი სკვერი, დიდი არ არის, დაახლოებით 1300 კვ.მეტრზეა გაშენებული“, – განაცხადა კალაძემ და ფოტომასალა წარადგინა, თუ რა ვითარება იყო ადგილზე, ვიდრე სამუშაოები დაიწყებოდა.
„რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არა ის მოლაპარაკებები იმისთვის, რომ ეს კონკრეტული სივრცე წამოგვეღო, ალბათ აქაც საცხოვრებელი კორპუსი ჩაიდგმებოდა და კიდევ უფრო გადაიტვირთებოდა მიმდებარე ტერიტორია. დღეს ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ადგილზე მივიდეთ და ვნახოთ, თუ რა გაკეთდა კონკრეტული პროექტის სახით“,- განაცხადა კალაძემ.