პირველად, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ შვიდი პოლიტიკიდან ერთ-ერთ უმთავრესი მიმართულების, ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ ანგარიშს. ურბანული მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. აქ არიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევითა და მხარდაჭერით ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ ურბანული მიმართულებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო კომფორტული და გამწვანებული ქალაქი.
„ეს იყო მიმართულება, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის. ჩვენ რომ გადავიხედოთ და შევხედოთ ქალაქს, როგორ ხდებოდა მისი განვითარება, მგონი ყველა ვთანხმდებით, რომ არავის მოგვწონს და არ მოგვწონდა ის, რაც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ხდებოდა დედაქალაქში.
შესაბამისად, დარგის სპეციალისტების ჩართულობითა და მხარდაჭერით ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა წამოვიწყეთ.
დღეს, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით თბილისი არის ბევრად უფრო მოწესრიგებული, ბევრად უფრო კომფორტული და გამწვანებული ქალაქი. რაც მთავარია, ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი და აღარასდროს დავუბრუნდებით წარსულში არსებულ პრაქტიკას, როდესაც ყველა გადაწყვეტილება იყო ქაოტური, თბილისისა და თბილისელების ინტერესების წინააღმდეგ, რაც დამაზიანებელი იყო ყველასთვის.
რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს, რაც 20-30 წლის განმავლობაში დაგროვდა, თუმცა მთავარია მონდომება, თქვენი მხარდაჭერა, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობთ და ამ ერთიანობით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.