ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში 15 მაისს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე დღეიდან, 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas–ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში ტურიზმის და ეკონომიკის თანმიმდევრული აღდგენის წინაპირობას წარმოადგენს.
,,ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება. ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენს, რომ ტურისტებს შევთავაზოთ მაქსიმალურად უსაფრთხო ქალაქი, რეგიონი და ვაქცინაციასთან ერთად შევძლოთ, ტურიზმის და ზოგადად, ეკონომიკის თანმიმდევრული, თუმცა სწრაფი აღდგენა.
ამავე დროს, რეისების ჩამონათვალს ძალიან მალე დაემატება რეისები ვარშავიდან და საუდის არაბეთიდან და იმ მიზნობრივი ქვეყნებიდან, საიდანაც ტრადიციულად ასეულობით ათას ტურისტს ვმასპინძლობთ“ -აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით.