დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ძირითადად ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, ინფიცირების შემთხვევების 90-100% ბრიტანულ შტამს უკავშირდება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი არ არის, რადგან საქართველო კორონავირუსის პიკში იმყოფება.
„ჩვენ დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რასაც აღვნიშნავდით, რომ აპრილის ბოლოდან მაისის პირველი ორი კვირა, ცოტა მეტი, შესაძლოა, ყოფილიყო ასეთი პიკური პერიოდი, რომლის შემდგომაც უნდა დაიწყოს დაღმა სვლა. მოგეხსენებათ, პანდემიის განვითარების ბუნებრივი მრუდიც არის და მეორე მხრივ, ის, რომ გარკვეული რეგულაციები დაცულია. სასიამოვნოა, რომ 76% დაფიქსირდა ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, იდეალური 95%-ია, მაგრამ აპრილის დასაწყისში ჩამოსული ვიყავით თითქმის 50%-ზე, იანვარში გვქონდა 75%. გარკვეული შიში იყო დეკემბრის შემდეგ, ახლა ისევ აიწია. კარგია, რომ სითბოს მიუხედავად, ადამიანები მეტად იყენებენ პირბადეს, რომელიც დაცვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა. ჯერჯერობით, სხვა შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი არ არის, რადგან ჩვენ პიკში ვართ. სამწუხაროდ, დღეს დეკემბრის შემდეგ, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი ციფრი გვქონდა. პარამეტრების მიხედვით ჩვენ ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ. თუ ყველაფერს დავიცავთ და ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ, ამ ორი კვირის ფარგლებში თანდათან უნდა დაიწყოს ინფექციამ უკუსვლა“, – განაცხადა გამყრელიძემ.