მელია: პარლამენტში შესვლაზე ახლა ცალსახა პასუხი არ მაქვს, კოლეგებთან ხვალიდან გავმართავ კონსულტაციებს

401

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ახლადგათავისუფლებული ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მისი პარტიის პარლამენტში შესვლაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ უნდა მიიღონ. რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მანვე თქვა, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს “პრაგმატული და რაციონალური”.

“მჭიდრო კონსულტაციები გაიმართება ბლოკ ნაციონალური მოძრაობის ფარგლებში, უშუალოდ პარტიაში, მეგობრებთან და ასევე არასაპარლამენტო პარტიის ლიდერებთან, იმ პარტიებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დაჭირდება არაერთი დღე იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ.

პარტიაში განსხვავებული პოზიციებია ამ საკითხზე. ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, პარტია ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება. მე გარდა იმისა, რომ პარტიასთან, ჩემს მეგობრებთან, ოჯახის წვერებთან ვაპირებ ამ საკითხების დეტალურად გავლას, ყველა ჩემს კოლეგას უნდა დაველაპარაკო და მივიღო გადაწყვეტილებას.

გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, გადაწყვეტილება უნდა იყოს რაციონალური. ამ ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი ვერანაირად ვერ ვიქნები რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე”, – თქვა ნიკა მელიამ.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან დღეს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა. ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა.