პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ოზურგეთში კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე მისი მიმდებარე ტერიტორია რეაბილიტირდება, ჩოხატაურში ცენტრალური მოედნის მოწყობა და დუმბაძის ქუჩის მოწესრიგება გადაწყდა, ლანჩხუთში კი დაიგეგმა ცენტრალური მოედნის, ცენტრალური პარკისა და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.
„განვიხილეთ სოციალურ-ეკონომიკური განახლების, ახალი შესაძლებლობების გაჩენის, რეკრეაციული, საპარკო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობები. გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კომისიის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია ის პირველი ეტაპის აუცილებელი მდებარეობები, რომლებიც უნდა განვითარდეს ურბანულად. ამ ადგილების განვითარება გაზრდის მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებს, რითაც დიდ სარგებელს ნახავენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე – ვიზიტორები,“-აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.