20 მაისს, 11:00 საათზე, ქალაქ გორში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ (სტალინის ქ. #16) დასაქმების ფორუმი გაიმართება.
დასაქმების ფორუმი განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში ტარდება.
ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30 მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩაერთვება 300–ზე მეტი სამოუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ გასაუბრება და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველ სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ, 14 მაისის ჩათვლით, დარეგისტრირდნენ წინასწარი კონსულტაციისთვის, რაც ითვალისწინებს ფორუმამდე შემდეგი სერვისების მიღებას: CV-ს შედგენა, გასაუბრების ტექნიკის სწავლება, კონსულტირება.
ფორუმის თანაორგანიზატორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), მიმდინარე პროექტის “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (SESA), შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება (LINKS)“ ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან (OSGF) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.