უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით პრემიერმინისტრს სპეციალური მრჩეველი ეყოლება. ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის, ინვესტიციების მოზიდვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„ის მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, იქამდე – კერძო ბანკებში. ბატონი ვაზილი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. როცა ის ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის განცხადებით, ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან.
„მისი ამოცანაა, ჩვენი ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის, უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი ყურადღებას გაამახვილებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას უღთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ისე – საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების სფეროში, ევროპის პოლიტიკას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა სწორედ ბატონი ვაზილის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.