კულტურის სამინისტრო იწყებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას – საქართველოში მიმდინარე წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით დაგეგმილია ოსტატთა რეესტრის შექმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს: ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი); ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი; კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი); სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები), მჭედელ-ზეინკალი; მეავეჯე; ხარატი, დეკორატორი.
„განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული.
გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო.
დასაქმებული ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე გაგზავნილი პირებისაგან შედგება ოსტატთა რეესტრი. მოცემული რეესტრის საფუძველზე, ეტაპობრივად გაცოცხლდება ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სათანადოდ დაცვის ტრადიცია რესტავრაცია-კონსერვაციის პროცესში.
საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში – სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები“, – განაცხადა წულუკიანმა.
ინფორმაცია კანდიდატებისათვის: მიმდინარე წლის 15 ივნისამდე, რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის info@culture.gov.ge ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229. გასაუბრებაზე მოსაწვევად, პირმა უნდა წარმოადგინოს თავისი ბიოგრაფია და ჩამოთვალოს წარსულში განხორციელებული სამუშაოები. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში, მან თან უნდა იქონიოს შესრულებულ სამუშაოთა ფოტო- და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიდეომასალა. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, მუდმივად აიმაღლონ ოსტატობის დონე. მათ უნდა ახასიათებდეთ განსაკუთრებული მოკრძალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი, მათი პროფესიული მრწამსი გაჯერებული უნდა იყოს იმ განწყობით, რომ ძეგლზე მომუშავე ოსტატის შრომა მოღვაწის ნიშნით ხასიათდება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ურთიერთობა საპატიო საქმიანობაა.