ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო

600

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობა დაიწყო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.3 მილიონი ლარია.

მიმდინარე სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„რეალურად ეს არის ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოემსახურება როგორც პროფესიონალებს, ისე მომავალ თაობას. ქუთაისს შესანიშნავი ტრადიციები აქვს საწყლოსნო სახეობებში და ეს ოლიმპიური აუზი ახალი სტიმული იქნება კიდევ უფრო განვითარდეს ეს მიმართულება. მნიშვნელოვანია, რომ აუზი სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც თავისი ზომების, ასევე აუცილებელი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ეს პროექტი და სხვა სპორტკომპლექსების მშენობლობა, ეს არის ის მნიშვნელოვანი შენატანი, რასაც მთავრობა აკეთებს არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის, არამედ იმ სპორტული მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, რაც აქამდეც იყო და კიდევ უფრო მეტი იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ოლიმპიური სტანდარტის აუზი, რომლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, 50 მ სიგრძისა და 25 მ სიგანის იქნება. სპორტკომპლექსში შესაძლებელი იქნება სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სპეციალური მომსახურებით სარგებლობა.

მათივე ცნობით, ქუთაისის გარდა, სპორტკომპლექსების მშენებლობა კიდევ სამ ქალაქში – ახალციხეში, რუსთავსა და ზუგდიდში დაიწყო.