ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო

732

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

მერის თქმით, პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლის სამუშაოებსაც კომპანიები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ უკვე აწარმოებენ.

„როდესაც სამუშაოების პირველი ეტაპი – წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზგაყვანილობის ქსელების შეცვლა დასრულდება, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას. ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და დაიწყება გზის რეაბილიტაცია“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, დაახლოებით ერთი კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზაზე, დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე არსებული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ მოექცევა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარეგანათების ქსელს და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე LED სანათები.

სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ქუჩის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდა.