უქმე დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური ფუნქციონირებას არ შეწყვეტს

665

ოფიციალურად გამოცხადებულ უქმე დღეების პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-8 მაისი და 10-11 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად. აღნიშნულ პერიოდებში შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება, თუმცა ეს შეზღუდვა თბილისის ტაქსის არ ეხება.

„გარდა ამისა, ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სამსახური არ შეწყვეტს ფუნქციონირებას საზოგადოების საჭიროებებიდან გამომდინარე. ესენია მერიის ადმინისტრაცია, მუნიციპალური ინსპექცია, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; ცხოველთა მონიტორინგის სამსახური; „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დანაყოფების (მეტროპოლიტენის, საბაგირო გზების, ავტობუსების და პარკინგის) ფუნქციონირებას; ,,თბილსერვის ჯგუფის“ ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ნარჩენების მართვას, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციას, გარე განათების ექსპლუატაციას და საწყობების მართვას; „ეკოსერვის ჯგუფი“, „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს” ის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელი ხაზის საშუალებით მოქალაქეთა კონსულტაციას და საქმისწარმოებას; „თბილისის განვითარების ფონდი, „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“, „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, – განაცხადა თბილისის მერმა.