კახა კალაძე: მინდა, თბილისში გარეგანათება მთლიანად განვაახლოთ

310

მინდა თბილისში გარე განათება მთლიანად განვაახლოთ – მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის შედეგად ქალაქი ძალიან დიდ ეკონომიას მიიღებს, რაც სწორი ნაბიჯია.

„გარე განათების გეგმა ითვალისწინებს ქალაქის ქუჩების განათების 3 კატეგორიად დაყოფას. ამ პროექტის განხორციელების მიზნით, მიმდინარე კვირას „თბილსერვის ჯგუფი“ ტენდერს გამოაცხადებს, რომელიც ითვალისწინებს მთელი ქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლებას, 10 – წლიანი გადახდის პირობით.

ჩვენ იმ კონკრეტულ ქუჩებზე, სადაც შევდივართ, ყველგან ხდება გარე განათების ცვლილება – მონტაჟდება ახალი სანათები, რომელიც ძალიან დიდ ეკონომიას გვაძლევს. ამ ტენდერის საფუძველზე მინდა თბილისში გარე განათება მთლიანად განვაახლოთ. ამ პროექტის შედეგად ძალიან დიდ ეკონომიას მივიღებთ, რაც ძალიან სწორი ნაბიჯია.

ამ პროექტისთვის მუნიციპალიტეტი არ გამოყოფს დამატებით დაფინანსებას, რადგან გარე განათების განახლების პროექტი მნიშვნელოვანი ეკონომიის წარმოშობასა და ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. კონსულტაციები და ბაზრის კვლევა უკვე ჩატარებულია”, – განაცხადა კალაძემ.