დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისინი მომხრე არიან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს ან დაწესებულებებს ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგიები” ანუ უპირატესობები. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანებს, იგივე, ვინც არიან აცრილები, სხვადასხვა ინცენტივი საზოგადოებასა და ცხოვრებაში ჰქონდეთ. ამ ტიპის რამდენიმე ასეთი ინცენტივი წარდგენილია საკოორდინაციო საბჭოში და ეს იქნება განხილული. რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ამ ადამიანებს, ვისაც კოვიდპასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი “პრივილეგია”, უპირატესობა.
მოგეხსენებათ, ეს უკვე ბევრგან არის — ე.წ. კოვიდისგან თავისუფალი ან აცრილი რესტორნები, სასტუმროები. ეს სერიოზული პრივილეგიაა, ასე ვთქვათ, იმიტომ, რომ ადამიანი, როცა მიდის კლინიკაში და იცის, რომ იქ ყველა აცრილია, იქ ნაკლები რისკია შემდგომი დაინფიცირების, ან იგივე იქნება ეს რესტორანი თუ სხვა”, — თქვა მან.
დღეს, 26 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ კოვიდპასპორტის დანერგვა განიხილება და იმ ძირითად პარამეტრებზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც იქ აისახება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს პასპორტი იმ პრინციპებზე იქნება აგებული, რა პრინციპებზეც იგება ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტი. მისივე თქმით, აღნიშნულზე სამუშაოები, სავარაუდოდ, ორი კვირის ვადაში დასრულდება.