ირაკლი ქარსელაძე “რეგიონების განახლების პროექტზე” : ასეთი მასშტაბური პროგრამა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა

425

წინა სტატია

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“, რაც უპრეცედენტო მასშტაბის რეგიონების განახლებისა და განვითარების უნიკალური პროგრამა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბური პროგრამა საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა.

„ჩვენი ძალისხმევა და ენერგია უნდა იყოს მიმართული გაძლიერებული, განვითარებული, ახალ შესაძლებლობა შეძენილი რეგიონები და ეს სწორედ ის პროგრამაა, რაც ამის შესაძლებლობას იძლევა. ძლიერი რეგიონები ნამდვილად ნიშნავს ძლიერ საქართველოს, განვითარებულ საქართველოს, რომელიც უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნის ახალ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სტუმრებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გამოისახება დამატებით შემოსავალში. დაახლოებით 15 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, შესაბამისად 15 ათასი ადამიანი დასაქმდება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი არა მხოლოდ დასაქმდებიან, არამედ იმ ახალ უნარებსა და ჩვევებს შეიძენენ, რაც ისევ მათ შემდგომში უკვე კონკურენტუნარიანს გახდის შრომის ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ქარსელაძის თქმით, მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით განხორციელდება.

„საორიენტაციოდ, 500 მლნ ლარი პირველი ეტაპის პროექტების საორიენტაციო ღირებულებაა, რომლის განხორციელებასაც 4 წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათ შორის ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში წელს აუცილებლად განხორციელდება. არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც შინაარსობრივად უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით განხორციელდება და ახალი ვალის აღების ხარჯზე არ იგეგმება.