კალაძე: რამდენიმე დღეში შევქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც მოსახლეობა სრულ ინფორმაციას მიიღებს თბილისის ცენტრალურ პარკზე

295

საბოლოო პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში იქნება წარდგენილი, თუმცა, მე რამდენიმე დღის წინ ფეისბუქლაივში მივმართე მოსახლეობას, ვისაც ექნება სურვილი, ჩაერთოს განხილვაში. ადამიანებს ექნებათ ჩართულობის, თანამონაწილეობის უფლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის ცენტრალური პარკის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია რამდენიმე დღეში შექმნის სპეციალურ პლატფორმას, სადაც მოსახლეობა სრულ ინფორმაციას მიიღებს.

„რაც შეეხება კონცეფციას, რამდენიმე თვის წინ გვქონდა პრეზენტაცია და წარვადგინეთ ხედვა, თუ როგორ მოხდება ცენტრალური პარკის განვითარება, როგორ იქნება ფუნქციურად დატვირთული. ის ყველა თაობის ადამიანზე იქნება მორგებული. ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანს ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, განიტვირთოს და ივარჯიშოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში პარკის შესახებ ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. „ეს ყველაფერი ტყუილია. არანაირი ჩაბეტონება არ ხდება პარკის. რა თქმა უნდა, მოეწყობა საპარკინგე სივრცეები, რადგან ამის მოთხოვნა არის ისევ საზოგადოების მხრიდან. როცა მზიურის პარკის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, დღესაც უამრავი წერილი შემოდის მუნიციპალიტეტში, რომ იქ არ არსებობს საპარკინგე სივრცეები. საუბარი იყო ასევე, რომ ცენტრალურ პარკში რესტორნები უნდა აშენებულიყო. ესეც არის ძალიან დიდი ტყუილი. იქ იქნება კაფე, რაც ყველა პარკისთვის ნორმალურია“, – განაცხადა კახა კალაძემ.