კახა კალაძე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება. თბილისის მერის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ტერიტორიაზე ეწყობა სივრცეები რესტორნებისთვის და „პარკის ჩაბეტონება“ მიმდინარეობს.
„კონცეფცია მიმართულია იმისკენ, რომ ისე დაიყოს ეს კონკრეტული დიდი სივრცე, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს დასვენების, გართობის შესაძლებლობა. ამ წუთში მიმდინარეობს პროექტის დეტალებზე მუშაობა, ჯერ დასრულებული არ არის. არ ვიცით როგორი იქნება ეს კონკრეტული სივრცე საბოლოოდ, თუმცა, მინდა მივმართო საზოგადოებას – ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ჩვენთან ერთად და უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტული სივრცეების მოწყობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარი არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ ვითანამშრომლოთ საზოგადოებასთან, ვითანამშრომლოთ თბილისში მცხოვრებ ადამიანებთან, ვისაც გული შესტკივათ ქალაქის განვითარებაზე, გალამაზებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაშიც მზად ვართ მაქსიმალურად ვიყოთ გახსნილები“, – განაცხადა მერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მოუწია გამგზავრება და შესაბამისი პლატფორმა მზად მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ იქნება. კალაძემ აღნიშნა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრება იყო და თბილისის მუნიციპალიტეტმა ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა გადასცა, სამუშაოებს კი ფონდი „ქართუ“ აწარმოებს.
„კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ივანიშვილების ოჯახს მადლობა გადავუხადო ამ პროექტისთვის“, – განაცხადა მან.