შპს „დემეტრე 96“ ერთ-ერთია იმ 10 სახელმწიფო საწარმოს შორის, რომელსაც საქართველოს მთავრობა პროექტის – “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – ფარგლებში ყიდის. eauction.ge-ზე შესაბამისი აუქციონი უკვე დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება. სახელმწიფო სამკერვალოს საწარმოს 100%-ს 3.9 მლნ ლარად ყიდის. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„ჩემი შვილივით ნაზარდი კომპანია იყიდება. სირცხვილი ქვეყანას“, – დაწერა სოციალურ ქსელში აღნიშნულ აუქციონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა.
საქმე ისაა, რომ წინა მთავრობამ სამკერვალო საწარმო “დემეტრე 96” დიზაინერს 2010 წელს ჩამოართვა. ხელისუფლება მაშინ მიზეზად ”იაფი სესხის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2008 წელს 1.3 მლნ ლარის კრედიტის გაცემას ასახელებდა, რომელიც თათა ვარდანაშვილმა ვერ დააბრუნა. სახელმწიფო სესხით დიზაინერს კომპანია უნდა გაეფართოებინა, გადაეიარაღებინა და სტუდენტებისთვის სასწავლო ბაზა შეექმნა. თავად ბიზნესმენი კი აცხადებს, რომ წინ ხელისუფლებამ კომპანია უსამართლოდ ჩამოართვა.
თათა ვარდანაშვილი კომპანია „დემეტრე 96“-თან დაკავშირებულ პრობლემებზე მედია საშუალებებთან ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. მისი ინფორმაციით, კომპანია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე 2012 წელს გადავიდა და ყველაფერს, რაც ჯარისკაცს ესაჭიროებოდა, ჟილეტებიდან დაწყებული, ფეხსაცმელების ჩათვლით, ის უკერავდა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაყვანის შემდეგ კი, შეკვეთების მისაღებად ტენდერებში მონაწილეობა უწევდათ. დიზაინერის თქმით, კომპანია იმ პერიოდისთვის სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობდა და მთლიანად შეკვეთებზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, 400-მდე დაქირავებული თანამშრომელი ანაზღაურებას გამომუშავებით იღებდა, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს.