პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სახელმწიფო პროგრამის გაფართოებულ პრეზენტაციაზე – „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, მთავრობის ეკონომიკურ ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მისი გუნდი საქართველოს ეკონომიკის განვითარების 10 წლიან გეგმას შეიმუშავებს და გაასაჯაროვებს.
ღარიბაშვილმა გამოსვლისას ბიზნესისთვის ბარიერების შემსუბუქებაზე, დერეგულაციაზე, სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირებასა და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება “პრო-ბიზნეს” ხელისუფლება იქნება.
“მომავალი კვირიდან აქტიურად ვიწყებთ შეხვედრებს, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ბიზნესის წარმომადგენლებთან. გვინდა, რომ მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული გეგმა 10-წლიანი განვითარების”, – განაცხადა პრემიერმა, – “ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრო-ბიზნეს ხელისუფლება და მთავრობა”.
გამოსვლისას ღარიბაშვილმა ასევე დააანონსა, რომ ახალი ეკონომიკური სამოქმედო გეგმის ფარგლებში ხელისუფლება 3 მილიარდი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გეგმავს.
“ძალიან მოკლედ რომ ვთქვა, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის ქონება არის მზად გასაყიდად”, – ამბობს ღარიბაშვილი, – “დღეს არის გაერთიანების დრო, ბატონებო, იმისთვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მძიმე კრიზისიდან”.
მთავრობის ახალი ეკონომიკური სამოქმედო გეგმა პანდემიის შედეგად შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან ქვეყნის ამოყვანას უკავშირდება.