თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძეს დამატებითი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და მისი მკურნალობის დინამიკა დადებითია.
„აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ნეიროოტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ეკატერინე ხარხელის მიერ მას დაუდგინდა საბოლოო დიაგნოზი – იშემიური გენეზის კოხლეო-ვესტიბულური დისფუნქცია. დედაქალაქის მერი თავს უკეთ გრძნობს, მკურნალობის დინამიკა დადებითია. კახა კალაძე აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში, მუშაობს დისტანციურად და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს”, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კარდეოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.
„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე. წ სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.