2021 წლის 24 მარტს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – “თანამშრომლობა საქართველოსთან” მიიღო.
საქართველოს საგარეო საქემთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს წარუდგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.
“საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეო-მიმართვის საშუალებით წარადგინა. ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის და ჩეხეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით.
ამასთან, რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემიის დროს.
რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტისკენ გლობალური მოწოდების მიუხედავად, ორივე ოკუპირებულ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მზარდი დარღვევებისა და ჰუმანიტარული წვდომის შეზღუდვის გამო.
რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვა და გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვები იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით – საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სამედიცინო ევაკუაციაზე უარისთქმა, რაც ფატალური შედეგებით დასრულდა. ყოველივე აღნიშნული, კოვიდ-19 პანდემიასთან ერთად, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტრულ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.