თბილისის მერია კახეთის გზატკეცილზე მდებარე „სამგორის პარკის“ რეაბილიტაციას იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ეკოლოგიის მიმართ, ამ მიმართულებით არაერთი კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ვარკეთილის ხევის განახლების სამუშაოები, სადაც წლის ბოლოსთვის ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან მაგარი დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე ექნება. კიდევ ერთი ინიციატივა ეხება სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, ე.წ. სამგორის პარკის ტერიტორიას, რომელიც დღეს გაუბედურებული და გაპარტახებულია. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს იქ და არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო, ამიტომ ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ ეს პროექტი. 3 ჰექტარზეა გადაჭიმული ეს სივრცე და, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი პარკი გამოვა. მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, დროულად უნდა დავიწყოთ პროექტის მომზადება“, – განაცხადა კალაძემ.