საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება

2567

საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი მალე გამოცხადდება. ამის შესახებ droa.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. უწყების ცნობით, გზა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის გადასახვევიდან დაიწყება, გაივლის ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერსა და მიმდებარე სოფლებს და ონში დასრულდება. ჯამში, გზის სიგრძე დაახლოებით 50 კილომეტრი იქნება და თბილისიდან ონამდე მგზავრობას 2 საათით შეამცირებს.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის პირველი 6 კილომეტრის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.

რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთს, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს პროექტირება, რის შემდეგაც ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება.

აღნიშნული გზის მშენებლობის პირობა 2012 წელს რაჭაში წინასაარჩევნოდ ჩასულმა ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურის ცენტრალურ მოედანზე დადო. მაშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ გზის მშენებლობა მისი ერთ-ერთი ოცნება იყო.

საკითხზე მუშაობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2014 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა, მხოლოდ ერთი წლის წინ გახდა შესაძლებელი საპროექტო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება. droa.ge-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი აზრთა სხვადასხვაობა იყო, რადგან მარშრუტზე შეთანხმება ვერ ხდებოდა. განიხილებოდა როგორც საჩხერე-ამბროლაურის, ისე საჩხერე-ონის მიმართულება. საბოლოოდ, როგორც ირკვევა, გზის მშენებლობა საჩხერე-ონის მიმართულებით გადაწყდა.

აღნიშნული გზის მშენებლობის პირობა ორი დღის წინ უკვე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დადო. “წელს, მეოთხე კვარტალში, დავიწყებთ საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის“, – განაცხადა პრემიერმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატთა წარდგენისას.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, გზის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება.