ბათუმში ტურისტულ ადგილებთან ოთხენოვანი ინფოდაფები განთავსდა

703

ბათუმში ძირითად ტურისტულ ობიექტებთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ დაფები 10 მნიშვნელოვან ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ადგილთან დადგა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათ შორისაა ბათუმის შუქურა, ბულვარის კოლონადები, ნობელების მუზეუმი, სინაგოგა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ასევე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მიხეილ დალფონსის ძეგლი და ბათუმის მერიის შენობა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა ჩვენი ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული ადგილების შესახებ სწორი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ. თითოეულ ობიექტთან ოთხენაზეა განთავსებული ინფორმაცია ადგილისა თუ ძეგლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ, რაც თავიდან აგვარიდებს ჩვენი ქალაქის ტურისტული ადგილების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ჯამში, ორი წლის განმავლობაში ბათუმში 25 საინფორმაციო დაფა და 20 ფოტოსტენდი განვათავსეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ყველა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ვგეგმავთ ეტაპოპრივად მოვახდინოთ საინფორმაციო დაფებით მათი უზრუნველყოფა,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

წყარო: აიპრესი