არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებისთვის თანამშრომლობას გეგმავენ

698

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. დღეს ახალი საარჩევნო პროექტი წარადგინა ორგანიზაცია „თანაზიარმა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებით „თანაზიარი“ ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და მესტიაში, წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის იმუშავებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ განაცხადა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. მათი ინფორმირებულობისთვის კი პირდაპირი კომუნიკაციის გარდა, გამოყენებული იქნება მედიასაშუალებები.

პროექტის – „სამართლიანი არჩევნები – დემოკრატიული საზოგადოება“, პრეზენტაციას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ. მათმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი მოხალისეობრივად მიიღონ მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში.

მათ შორის არის ასოციაცია „იმედი“. მისი ხელმძღვანელის ქრისტინე კილანავას თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გააქტიურებაზე ისაუბრონ. ის სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს პროექტში ჩართვას.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც თავის მხრივ, ასევე გეგმავს საარჩევნო პროცესების და უშუალოდ კენჭისყრის პროცედურის დაკვირვებას.

წყარო: ლაივპრესი