ახალგორის გამგებელი: დაბაში სპეციალური საკარანტინო სივრცეც კი არ არის

1166

ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ქართული მხარე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ჯანმრთელობის კუთხით დახმარებისთვის მზად არის. მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, დაბაში ჯანდაცვის მიმართულებით არაერთი პრობლემაა, მათ შორის, ვირუსით მოქალაქის დაინფიცირების შემთხვევაში სპეციალური საკარანტინო სივრცეც კი არ არის.

“ახალგორის მუნიციპალიტეტში სურსათის ნაკლებობა არ შეინიშნება, მედიკამენტებიც არის, მაგრამ მხოლოდ რუსეთიდან შემოტანილი. ჯანდაცვის მხრივ იქ მაინცდამაინც დამაიმედებელი სიტუაცია არ არის, თუმცა ამჟამად კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით რამე ცნობა ახალგორიდან არ გვაქვს, როგორც ვიცი ახალგორში არანაირი საკარანტინო სივრცე არ არის. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ხელისუფლება მზად არის ახალგორის მოსახლეობას როგორც ჯანმრთელობის, ასევე, სოციალური კუთხით ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს”, – აღნიშნა “ქრონიკასთან“ საუბრისას ახალგორის მუნიცილაპიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 67 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 9 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.