თბილისში 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე 3 თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება

130

თბილისში 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე 3 თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეღავათი იმ მეწარმეებს შეეხება, რომლებსაც მუნიციპალური ქონება აქვთ იჯარით აღებული.

“დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გვქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც იქნა მოწონებული და პრემიერის დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავფრცელდება.

მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის
მუნიციპალიტეტისგან.

დღევანდელი სიახლე კი, რაც მინდა მოგაწოდოთ არის ის, რომ გვინდა გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს თბილისის მერია გაათავისუფლებს მარტის, აპრილის და მაისის თვის იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით, ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდება ეტაპობრივად. თუ დამატებით ჩვენ ვიქნებით ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ეს შეღავათები გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაშიც”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით, მერიის მიერ შეთავაზებული შეღავათებით სარგებლობის შემთხვევაში მეიჯარე, ასევე, ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც.

“არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს აქვთ გარკვეული ქონება მუნიციპალიტეტიდან იჯარით აღებული და შემდეგ ის კიდევ სხვადასხვა ადამიანებზე აქირავებს, რა თქმა უნდა ეს შეღავათი მათაც უნდა შეეხოთ. აქედან გამომდინარე შეღავათით რეალურად 600 მოიჯარეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს”, – განმარტა კალაძემ.