თბილისის მერიას საბავშვო ბაღებში სახალისო ქიმიური ექსპერიმენტების მოწყობას სთავაზობენ

1303

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, საბავშვო ბაღებში სახალისო ქიმიური ექსპერიმენტების მოწყობას სთავაზობენ. როგორც იდეის ავტორი, მარინე შავლაყაძე წერს, აღნიშნული იდეა ბავშვებში ქიმიური მოვლენების მიმართ ინტერესს გაზრდის.

“პროექტის ფარგლებში განხორციელდება ხვადასხვა ტიპის სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები. ასევე, სახალისო თამაშები და შემეცნებითი გაკვეთილები ქიმიაში, რაც მოიცავს საინტერესო ფაქტებს ქიმიური პროცესების შესახებ, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. პროექტი განხორციელდება 50 საბავშვო ბაღში. დასაშვები ასაკი იქნება 4 წლიდან ზევით. პროექტის მიზანია გაზარდოს ინტერესი ქიმიური მოვლენების მიმართ ბავშვებში”, – წერს იდეის ავტორი.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს  მარინე შავლაყაძის იდეას კი 2 501 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეა განხილვის პროცესშია.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ამ ეტაპზე, 4 მიმდინარე, 365 დაბლოკილი, 2 უარყოფილი, 20 განსახილველი, 83 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.