თბილისის მერიას მეტროების შშმ პირებისთვის ადაპტირებას კიდევ ერთხელ სთხოვენ

108

წინა სტატია

თბილისის მერს კახა კალაძეს პროგრამა “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში, მეტროების შშმ პირებისთვის ადაპტირებას კიდევ ერთხელ სთავაზობენ. როგორც იდეის ავტორი, თამარ გვასალიას წერს, ეტლითმოსარგებლე პირებისთვის თბილისი მეტროთი გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

“თბილისის მეტრო ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მოხმარებადი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ქალაქში, რომელიც მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც მეტნაკლებად ხელმისაწვდომია საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის. თითოეული მეტრო სადგური სხვადასხვა სახისაა, უმეტესწილად კი, ღრმა მიწისქვეშა განლაგებით არის მოცემული და მეტროთი სარგებლობის მიზნით, აუცილებელია სადგურამდე ჩასასვლელად შესაბამისი კიბის გამოყენება. სამწუხაროდ, ქალაქში მოქმედი 20-ზე მეტი სადგურიდან მხოლოდ რამდენიმე მათგანია ადაპტირებული გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთათვის, რაც ეტლითმოსარგელბე პირებისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის ამ ტრანსპორტით სარგებლობას. იმ ფონზე როცა, ეტლითმოსარგებლე ადამიანებს არ მიუწვდებათ ხელი ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (განსაკუთრებულად მიკრო ავტობუსებზე) კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველა სახის მეტრო სადგური, მისი ჩასასვლელი იყოს ადაპტირებული”, – წერს იდეის ავტორი.

იდეის განხილვა თბილისის მერიაში იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის 2 500 ხმას შეაგროვებს. ამ დროისთვის, თამარ გვასალიას იდეას 25 ხმა აქვს.  აღნიშნული იდესითვის ხმის მიცემა მიმდინარე წლის 15 მარტამდეა შესაძლებელი.

თბილისის მერიის ვებგვერდზე ამ ეტაპზე, 4 მიმდინარე, 365 დაბლოკილი, 2 უარყოფილი, 20 განსახილველი, 83 არშემდგარი და 3 შეთანხმებული იდეა ფიქსირდება.

ცნობისთვის, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიას მეტროების შშმ პირებისთვის ადაპტირება გასულ წელსაც შეთავაზეს. თუმცა, იდეამ სულ 15 ხმა დააგროვა, რის გამოც მერიაში მისი განხილვა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – “შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. პორტალი ახალი იდეების საჯარო თავმოყრას ისახავს მიზნად, რომელიც შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად მერიას გადაეცემა. თბილისის მერის განცხადებით, ვებგვერდის ამოქმედების მიზანი ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.