კალაძე: ჩვენი შეთავაზებით, პატარა პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხვდნენ პარლამენტში

91

საარჩევნო სისტემით, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, პატარა პარტიებს მისცემს შესაძლებლობას, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხვდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ თბილისის თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციის მიმართ შეთავაზება გაკეთებულია. ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება მზაობასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს შეთანხმება და კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე. შეთავაზებულია ორი ვარიანტი, 100/50 და 110/40. ბარიერს რაც შეეხება, პრობლემა არ არის, როგორც მათ სურთ, ისე გაკეთდეს. უნდათ, ერთპროცენტიანი ბარიერი გაკეთდეს, უნდათ  – სამი ან ხუთპროცენტიანი. ზოგადად, ოპოზიციაშიც არის განხეთქილება. საარჩევნო სისტემით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, პატარა პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოხვდნენ პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება აუცილებლად უნდა გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„ჩვენ მოვისმინეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციის პოზიციები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ სისტემას მხარს დაუჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხდება. პრობლემა წამოვიდა იქიდან, რომ არის დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას. ორმოცამდე დეპუტატია. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება 110/40 იმიტომ გაკეთდა, რომ ეს ყველა უთანხმოება თავიდან ყოფილიყო აცილებული. თუმცა, ყველაზე მთავარი არის ის, რომ მმართველი გუნდი გამოხატავს მზაობას და გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებისკენ. ჯერი ოპოზიციაზეა. თუ ისინი არ დათანხმდებიან, ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ინიცირებას და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.