ადვოკატი: სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობა დროებით შეაჩერა

662

წინა სტატია

„ანას ბაღის“ გადასარჩენად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს.

როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩხეტიამ მიიღო.

„სასამართლომ შეაჩერა მშენებლობის ბრძანება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს არის დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, სანამ არ დამთავრდება საქმე, მშენებლობა შეჩერდა. 2 საათზე ოფიციალურად ჩავაბარებთ მერიის ზედამხედევლობის სამსახურს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომ კომპანიამ გააჩეროს სამშენებლო სამუშაოები. ჩვენი მოთხოვნა იყო შეჩერებულიყო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 1-ელი ნოემბრის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენების სახის გამოყენების თაობაზე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, სრულად დაკმაყოფილდა“, – განაცხადა ღურწკაიამ.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ „ანას ბაღის“ გადასარჩენად აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას თვეებია აპროტესტებენ.

22 თებერვალს ადგილობრივი მოსახლეობამ სკვერი პარტიზანულად გააშენა. მათ ასფალტის საფარი დაამტვრიეს და მცენარეები დარგეს. მეორე დღეს დილით კი კორპუსის მშენებელმა კომპანიამ პარტიზანულად მოწყობილი დასასვენებელი სივრცე მოშალა. მაშინ, როცა მოქალაქეები “ანას ბაღის” დაცვას ცდილობენ, თბილისის მერია და მშენებარე კომპანია კი ამტკიცებენ, რომ ბაღს საფრთხე არ ემუქრება და მისი რეაბილიტაცია მოხდება.