გორის სოფელ ქერეში გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

494

გამყოფი ხაზის მოსაზღვრე სოფელ ქერეში, ტენდერის დასრულების შემდეგ, გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

გორის მერიის ცნობით, კაპიტალურად შეკეთდება სოფლის შიდა საუბნო გზა, რომელიც ქერეს მისასვლელი გზის გაგრძელებას წარმოადგენს. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 969 მეტრ სიგრძის გზას – მოეწყობა გზის სავალი ნაწილი, მიერთებები, გვერდულები და ეზოებში შესასვლელები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სატენდერო წინადადებების მიღება 30 იანვარს დასრულდება და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 621 557 ლარია. ხელშეკრულების გაფორმებიდან კომპანია ვალდებულია სამუშაოები სამ თვეში დაასრულოს. ქერეს შიდა გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში გზის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარე წელს, სასმელი წყლის პრობლემაც მოგვარდება. პროექტის განხორციელების შემდეგ, სასმელი წყალი სოფლის ყველა მაცხოვრებელს საკუთარ ეზოში 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება.