გორის მერია: ვარიანის მეურნეობიდან ვარიანის სკოლამდე მოსწავლეებს ტრანსპორტი არ მოემსახურება

461

წინა სტატია

“საკითხის საბოლოო გარკვევამდე, ის მოსწავლეები, რომლებიც ვარიანის სკოლაში მეზობელი დასახლებიდან დადიან, სხვადასხვა ტრანსპორტში გადანაწილდნენ,” – ამის შესახებ ვარიანის სკოლის დირექტორმა განაცხადა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მისი თქმით, საქმე ეხება ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახები ყველაზე მეტად საქაშეთის სკოლასთან ახლოსაა.

qartli.ge წერდა, რომ 30-მდე მოსწავლეს ვარიანის მეურნეობიდან სოფელ ვარიანამდე მისვლა უჭირს, რადგან სამგზავრო ავტობუსი გაუქმდა. მეურნეობაში დასახლებულ მცხოვრებლებს აუხსნეს, რომ უმჯობესია მათმა შვილებმა საქაშეთის სკოლაში ისწავლონ.

ვარიანის მეურნეობის დასახლებიდან საქაშეთის სკოლამდე 2 კმ მანძილზე ნაკლებია. ვარიანის სკოლამდე კი, თითქმი 4 კმ. ვარიანის სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, მეურნეობის დასახლებიდან მათ სკოლაში ზუსტად 24 ბავშვი დადის.

როგორც qartli.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცეტრში განუმარტეს, ვარიანის სკოლის ადმინისტრაციას, შესყიდვების სააგენტომ ტრანსპორტის დაქირავების უფლება არ მისცა:

,,ვარიანის სკოლა თვითონ ყიდულობდა ტრანსპორტის მომსახურებას, რადგან სახელმწიფოსგან დადგენილი კრიტერიუმებით არ ეხება ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამ მომსახურების შესყიდვაზე სკოლას აღარ მისცა თანხმობა, რადგან საცხოვრებელ სახლთან უფრო ახლოს არის საქაშეთის საჯარო სკოლა. მოსწავლეებს კი უნდათ ვარიანის სკოლაში სიარული. მოსწავლეებს სკოლის არჩევის უფლება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომელ სკოლაში სიარულიც მოუნდება, იმ სკოლამდე მოემსახუროს ტრანსპორტით,” – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

qartli.ge-მ გაარკვია, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის შესყიდვის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს. ჩვენ საკითხის გარკვევის მიზნით გორის მერიას დავუკავშირდით:

“საკითხი ჩვენს შევისწავლეთ და გაირკვა, რომ ეს 24 მოსწავლე ყველაზე ახლოს ცხოვრობს საქაშეთის სკოლასთან. ამიტომ, გორის მერია ვერ მოემსახურება იმ მოსწავლეებს, რომლებიც ყველაზე ახლოს საქაშეთის სკოლასთან ცხოვრობენ და ვარიანის სკოლაში დადიან. კანონის თანახმად, სასწავლო დაწესებულება მინიმუმ 2 კმ მანძილით უნდა იყოს დაშორებული დასახლებულ პუნქტთან, რომ ტრანსპორტი დაინიშნოს,” – აცხადებენ მერიის პრეს-სამსახურში.