გორის სოფელ საქაშეთში მცხოვრები მოსწავლეები ვარიანის სკოლამდე ფეხით დადიან

522

სტატიის გაგრძელება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მეზობელი სოფლებიდან დადიან, ავტობუსის მარშრუტი გააუქმეს. ამის შესახებ qartli.ge-ს მშობლებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 30 ბავშვია.

“ეს ბავშვები ახლა ფეხით დადიან ვარიანის სკოლაში. თავიდანვე იქ სწავლობდნენ და უნდათ, რომ აღნიშნულ სკოლაში იარონ. იქნებ გაგვარკვიოთ სიტუაციაში და დაინტერესდეთ თემით” – გვითხრეს მშობლებმა.

როგორც qartli.ge-ს საგანმანათლებლო რესურსცეტრში განუმარტეს, ვარიანის სკოლის ადმინისტრაციას, შესყიდვების სააგენტომ ტრანსპორტის დაქირავების უფლება არ მისცა:

,,ვარიანის სკოლა თვითონ ყიდულობდა ტრანსპორტის მომსახურებას, რადგან სახელმწიფოსგან დადგენილი კრიტერიუმებით არ ეხება ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ამ მომსახურების შესყიდვაზე სკოლას აღარ მისცა თანხმობა, რადგან საცხოვრებელ სახლთან უფრო ახლოს არის საქაშეთის საჯარო სკოლა. მოსწავლეებს კი უნდათ ვარიანის სკოლაში სიარული. მოსწავლეებს სკოლის არჩევის უფლება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო არ არის ვალდებული, რომელ სკოლაში სიარულიც მოუნდება, იმ სკოლამდე მოემსახუროს ტრანსპორტით,” – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

qartli.ge წერს, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ტრანსპორტის შესყიდვის უფლება ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს, ამიტომ მედია საკითხის გარკვევის მიზნით გორის მერიას დაუკავშირდა, სადაც პირობა მიიღეს, რომ სიტუაციას შეისწავლიან და გადაწყვეტილებას აცნობებენ.